დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ. ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილი ოჯახის განაცხადი დაფინანსდა.

საგრანტო პროგრამა – „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ – ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, UN Women-თან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.

სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ამასთანავე დაუფინანსდათ ინიციატივები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით. გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივით, საერთო ჯამში, 976 საგრანტო განაცხადი დაფინანსდა, რამაც ჯამში 4 მილიონი ლარი შეადგინა.

ასევე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაიცა ქვეყნის მასშტაბით 48 საბავშვო ბაღზე, რომლებშიც ჯამში 2700-ზე მეტი აღსაზრდელია. გრანტის მოცულობამ თითოეულ საბავშვო ბაღზე 10 000 ლარი შეადგინა, რამაც გადაჭრა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორებიც იყო: ღია სათამაშო მოედნების არარსებობა, არასაკმარისი საწოლები ბავშვებისთვის, გაუმართავი სამზარეულო ოთახები, გათბობა და სხვა.

შემაჯამებელ ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდა, დაესწრნენ დევნილებიც, რომლებმაც თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. კობა უგრეხელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი, ხონიდან სპეციალურად ჩამოვიდა დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად. მას პროგრამის ფარგლებში 2 450 ლარის თანადაფინანსება გადაეცა საფუტკრე მეურნეობის გასაფართოებლად. მიღებული გრანტით 30 ოჯახი ფუტკარი, 150 ჩარჩო, 150 ფიჭა და მეფუტკრის აღჭურვილობა შეიძინა.

დევნილთა დახმარების პროგრამა წარმოადგენდა მესამე ფაზას EU/FAO-ს ინიციატივის, რომელიც საქართველოში 2009 წელს დაიწყო. პირველი ორი ფაზის ფარგლებში 5000-ზე მეტ დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი (5.4 მილიონი ევრო) შეადგინა.

Visited 103 times, 1 visit(s) today