გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, დღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს მთავრობის 29.03.2016 წლის #153 დადგენილება განიხილეს.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გოჩა კანკავამ აღნიშნა, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს თითოეული მოსახლის ინტერესების გათვალისწინებას და მათი ჩართულობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იქნება საკმაოდ მაღალი. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზანია დააკმაყოფილოს და გააუმჯობესოს კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების მომსახურება, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ქონების შეძენის ინტერესი. სააგენტო ისწრაფვის მომსახურების მუდმივი სრულყოფისა და განვითარებისკენ.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა სახელმწიფოს მხრიდან იყო აბსოლუტურად დროული, მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი. დეტალურად გავიარეთ პრივატიზაციის ის ძირითადი საკითხები, რომელიც რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურია. შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში. საკმაოდ მრავალ თემას შევეხეთ და ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრებით ჩვენ ხელს შევუწყობთ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანას, რათა მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების პირველი პირები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.