ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს თავდაცვის ძალების აქტიური ჩართულობის გარეშე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ საკომიტეტო მოსმენა გამართა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება თავდაცვის ძალებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და კომიტეტს დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართული დანაყოფების საქმიანობას ადგილზე გაცნობოდა. ვინაიდან მისია დასრულდა, გადაწყდა თავდაცვის ძალების საერთაშორისო მისიებში, განსაკუთრებით ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის, შესრულებული ამოცანების და მიღწეული მიზნების შესახებ, საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, მოესმინათ ინფორმაცია.

„გარდა მაღალი საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობისა, ჩვენი თავდაცვის ძალები გამოირჩევა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომლის მკაფიო დადასტურებაც არის ქართველი სამხედროების უდიდესი, ფასდაუდებელი წვლილი საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, იმ საფრთხეების წარმოშობის ადგილზე ჩახშობაში, რაც გამოწვევას წარმოადგენს როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის, რათა ამ საფრთხეებს არ მოეღწია საქართველოს და მისი მოკავშირეების საზღვრებამდე, რასაც შეეძლო მძიმე შედეგები მოეტანა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისათვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე უდიდესი კონტრიბუტორი და ბევრად მეტიც გააკეთა, ვიდრე ალიანსის ცალკეულმა მოკავშირეებმა.

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა არის სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტი და რომ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს და მისი თავდაცვის ძალების აქტიური ჩართულობის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის სხდომის მონაწილეებმა გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას, ვინც სიცოცხლე შესწირა საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ საერთაშორისო მისიებში კომიტეტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გააცნო და ისაუბრა ჩვენი ჯარისკაცების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაზე, მოქმედ მისიებსა და სამომავლო გეგმებზე.

Visited 29 times, 1 visit(s) today