ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოს შესახებ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალის შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
მან განსაკუთრებით აღნიშნა 2016 წლის 4 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.
საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ისეთივე წარმატებით განახორციელებს სამოქმედო გეგმას, როგორც ეს 2013-2016 წლებში განახორციელა.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეისწავლა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და დაამტკიცა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა წინა პერიოდის სამოქმედო გეგმა და იმედი გვაქვს, რომ 2016-2019 წლების გეგმაც ასევე წარმატებით შესრულდება“ – განაცხადა დანიელ მიტოვმა.
დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.
ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი ბულგარეთში 2016 წლის 17-18 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

Visited 190 times, 1 visit(s) today