საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) იწყებენ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივას „ევროპული კლუბები“. საპილოტე ეტაპზე პროექტში ჩართული იქნება თბილისისა და რუსთავის 6 საჯარო სკოლა. პროექტების შედეგების გათვალისწინებით მოხდება ქსელის შემდგომი განვითარების სტრატეგიის ფორმირება და მასში საქართველოს მასშტაბით დამატებითი სკოლები ჩაერთვებიან. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს საპილოტე ეტაპზე შერჩეული სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სტუმრობდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გახსნა.
„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ეს არის უკეთესი მომავლის სურვილი. სურვილი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთეს ქვეყნად ვაქციოთ. გუშინ ევროპამ ევროპის დღე აღნიშნა. ამ დღეს საქართველოს პარლამენტი ყოველთვის განსაკუთრებული ღონისძიებებით ეხმიანება. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველთვის ახალგაზრდებსა და ბავშვებს უკავშირდება რომელიც მუდამ მხარდაჭერილია გერმანული პოლიტიკური ფონდის – კონრად ადენაუერის მიერ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მან მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით პროქტის -„ევროპული კლუბების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ევროპული კლუბების იდეა მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების უკეთ ინფორმირებას საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობის თაობაზე. თქვენ იქნებით ჩვენი ახალგაზრდა ელჩები“, – მიმართა მოსწავლეებს თამარ ხულორდავამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე. ღონისძიების სტუმრებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიმართა.
„ევროპული არჩევანი უნდა დაიწყოს თითოეული ჩვენგანის ცნობიერებიდან. სკოლებში ევროპული კლუბების ინიციატივა, ვფიქრობ, არა მხოლოდ 6 სკოლის ინიციატივა იქნება, არამედ ბევრად უფრო მეტ ცვლილებას განსაზღვრავს განათლების სისტემაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
სტუმრებს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სახელით, ფონდის დირექტორი ტომას შრაპელი მიესალმა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფონდს უკვე მესამედ ეძლევა შესაძლებლობა, ევროპის დღე მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად აღვნიშნოთ ამ შენობაში, რადგან სწორედ, პარლამენტის შენობა არის დემოკრატიის სული და გული“, – განაცხადა ტომას შრაპელმა.
მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოახლოებულ ევროპარლამენტის არჩევნებზე.
„ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები, ეს არის ევროკავშირისა და, ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთგვარი გამოცდა“, – აღნიშნა ფონდის დირექტორმა.
მან ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღიდან, როგორც კი ეს ბედნიერი დღე დადგება, ჩვენ, თქვენი ევროპელი პარტნიორები, დაგიდგებით გვერდით და გაგიწევთ კონსულტაციებს, თუ რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა გატარდეს საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში სხვადასხვა სახის რეფორმები“, – განაცხადა ტომას შრაპელმა.
სკოლებში „ევროპული კლუბების“ პროექტის იდეას მიესალმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.
„როდესაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს კარგად, რომ, გარდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური წინაპირობებისა, ყველაზე მთავარი წინაპირობა არის ჩვენი აზროვნების წესი, ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენ მიერ ფუნდამენტური, ზოგადსაკაცობრიო, მათ შორის, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების გაზიარება. ჩვენშია გასაღები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა“, – მიმართა სტუმრებს მიხეილ გიორგაძემ.
პროექტი „ევროპული კლუბები“ ღონისძიების სტუმრებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) დირექტორმა, ირინა ხანთაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, პროექტის „ევროპული კლუბები“ მიზანია ევროპის და ევროკავშირის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, ევროპული ღირებულებებისა და იდეების გაძლიერება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლაში, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის და ლიდერული უნარების გაძლიერება.
ღონისძიების ბოლოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.