მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა . “სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმუნიზაციის პროცესები განვიხილეთ. ვაქცინაციის მიმართ სანდოობა უნდა გაიზარდოს, აუცილებლად უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ორივე ვაქცინას „ასტრაზენეკასაც“ და „ფაიზერსაც“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 26 მარტის მონაცემებით, ამ ეტაპზე სულ 4 344 პირია აცრილი. Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი სამშაბათიდან დაიწყება. ისევე როგორც “ასტრაზენეკას” შემთხვევაში, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგაც, პაციენტი ადგილზე 45 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.