ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, საწოლფონდზე , ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის დამატებითი სივრცეებისა და ამცრელი ბრიგადების მობილიზების აუცილებლობას. ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესში შესაძლოა ამბულატორიული დაწესებულებებიც ჩაერთონ, რისი მიზეზიც „ფაიზერის“ ვაქცინაციის შედეგად გვერდითი რეაქციების განვითარების დაბალი მაჩვენებელია.
„განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შესაბამისად „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, შესაბამისად ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმუნიზაციის საბჭოზე ასევე ისაუბრეს სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. საუბარია „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესის გაფართოებაზე. მოქალაქეებს, რომელთაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ. გვერდითი მოვლენები იმუნიზაციის შესაბამისი ჯგუფის მიერ იქნება შეფასებული და მოქალაქეებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის ცვლილება.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გარდა ამისა, გააქტიურებულია 15 22-ის და 144 – 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.
ამ ეტაპისთვის, ვაქცინაციის პროცესში 161 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
30 ივლისის მონაცემებით საქართველოში 464 875 აცრაა ჩატარებული.

Visited 27 times, 1 visit(s) today