ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზე ახალი ინიციატივით გამოვიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადების ინიციატივის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„პარლამენტმა ჩვენს ინიციატივას, რომელიც გულისხმობდა მოსამართლეთა უვადო განწესების შეჩერებას, მხარი არ დაუჭირა იმ საბაბით, რომ თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო საბაბი და არ მიზეზი. ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად არის თუ არა პარლამენტი მზად საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შეეხმიანოს და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას უპასუხოს, დავიწყოთ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება იმის გარანტიები, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იგი თავის კოლეგებთან ერთად შემდეგი კვირიდან დაიწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან.

„ვიწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს. კონსულტაციების მიზანია, რომ კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების თანახმად, მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადო განწესების საკითხზე ისეთ შინაარსს ჩადებს, რომელიც მომავალშიც დააზღვევს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხს, რომ არ მოხდეს მცდარი გადაწყვეტილების მიღება. ეს ცვლილება შეეხება იმ მოსამართლეებსაც, ვინც უკვე უვადოდ განწესდა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

ეკა ბესელიას განცხადებით, იმისთვის, რომ კონსტიტუციური ცვლილება და ინიციატივა დარეგისტრირებული იყოს, საჭიროა 76 ხმა საქართველოს პარლამენტში ან 2000ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.

„ამ კონსულტაციების მიზანი იქნება, რომ საქართველოს პარლამენტში შეგროვდეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ვინც ამ ინიციატივას მოაწერს ხელს და მხარს დაუჭერს და გამოჩნდება იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამბობდა, რომ ამ იდეის მხარდაჭერას კონსტიტუციის ცვლილება სჭირდებოდა და არ ეყოფოდა მხოლოდ ორგანული კანონის ცვლილება ანუ რეალურად გამოჩნდება, ვინ უჭერს მხარს ამ იდეას. პარალელურ რეჟიმში, თუკი ვერ მოგროვდება საქართველოს პარლამენტში 76 დეპუტატი, ჩვენ შევაგროვებთ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას და ამ კონსტიტუციური ცვლილების პროექტის ინიცირებას დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

ეკა ბესელიამ, ასევე, ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტზე.

„ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც დღეს უკვე წარედგინა ბიუროს და დარეგისტრირდა, შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს, წესს და პროცედურას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კანონპროექტის წაკითხვის შემდეგ ყველა კარგად დაინახავს, რომ ამ ცვლილებით ჩვენ ვაზღვევთ იმ რისკებს, რომ უზენაესს სასამართლოში არ მოხდეს ისეთი მოსამართლეების არჩევა, რომელთა მიმართ საზოგადოებას ექნება უნდობლობა. ამ ორი კანონპროექტის შედარებით ნათელია, რომ ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში გარანტირებული იქნება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ დაბლოკავს იმ ადამიანებს და იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართ ექნება საკუთარი ინტერესი. პარლამენტს წარედგინება გრძელი სია და პარლამენტს ექნება მთავარი მანდატი დაიწყოს ღია, გამჭვირვალე პროცესი ამ მოსამართლეთა ასარჩევად. მეორე კანონპროექტის უკან რეალურად დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ის მოსამართლეთა ჯგუფი, რომელთა ინტერესია დღეს მართლმსაჯულება განკარგოს, როგორც საკუთარი პრივატული კერძო სფერო და ეს კანონპროექტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Visited 97 times, 1 visit(s) today