ეს არის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, როდესაც ხელისუფლება ამ ცდუნებას უძლებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ წარმატებული, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და მინდა გისურვოთ ასეთივე არჩევნების ჩატარება მეორე ტურში“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

ბიურომ 31 ოქტომბერი – 2 ნოემბრის სასესიო კვირის დღის წესრიგი განიხილა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. დღის წესრიგის განხილვის შემდეგ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილეს, ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ მეორე ტურიც „ქართველი ხალხის ნების პატივისცემით უნდა ჩატარდეს“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკური ძალა დამარცხებულად თავს არ გრძნობს მაშინ, როდესაც მთავარი კონსტიტუციური უფლების გარანტიის დაცვას ახერხებს.

„ეს არის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, როდესაც ხელისუფლება ამ ცდუნებას უძლებს, რომ არცერთი ბიულეტინი არ გააყალბოს და არცერთი ხმა არ დაკარგოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, დასკვნების გაკეთება მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ შეიძლება იმის მიხედვით, თუ ვის რა მანდატს მისცემს ქართველი ხალხი. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 1 მლნ 150 ათასი ადამიანი თქვენს დროს, 2012 წელს, ახლა მდგომარეობა არის 800 ათასი ადამიანი. ჩვენ მოვხერხეთ სიღარიბის შემცირება 350 ათასი ადამიანით, თუმცა, ეს, ბუნებრივია, არ არის საკმარისი და გვჭირდება რამდენიმე წელი იმისთვის, რომ ესეც 0-მდე შემცირდეს. 350 ათასი ადამიანით შევამცირეთ სიღარიბე მაშინ, როდესაც თქვენ, 9 წელიწადში, მხოლოდ და მხოლოდ 150 ათასი ადამიანით შეამცირეთ სიღარიბე. ეს არის მსოფლიო ბანკის სტატისტიკა“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

მისივე თქმით, 2012-2018 წლები მმართველ გუნდს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული პრობლემებიდან ნაწილობრივ ამოსასვლელად დასჭირდა.

„მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2004-დან 2011 წლის ჩათვლით, სიღარიბე გაიზარდა საქართველოში. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. 2012 წელს იყო უკვე, ეს გარდამავალი პერიოდი იყო, ზრდა და ამან გამოიწვია პოზიტიური ბალანსი საბოლოო ჯამში, რაც შეეხება 2012-2018 წლებში, ეს წლები დაგვჭირდა ჩვენ იმისთვის, რომ თქვენს მიერ დატოვებული პრობლემებიდან ნაწილობრივ ამოვსულიყავით. 1 მლნ 150 ათასი შემცირდა 800 ათასამდე, თუმცა, ამით ჩვენ ბედნიერი და კმაყოფილი, ბუნებრივია, არ ვართ. ჩვენი ამოცანაა, საბოლოოდ, არის ამ 800 ათასის დაყვანაც 0-მდე. ეს არის ჩვენი ამოცანა, თუმცა, 350 ათასით სიღარიბის შემცირება, თავისთავად, არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. ეს არის ის, რაც თქვენ მოახერხეთ იმ პირობებში, როდესაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მთელ რეგიონში და დღეს ვითარება როგორია რეგიონში, კარგად მოგეხსენებათ. საგნობრივ დისკუსიაში თქვენ ვერ შემოდიხართ, მაშინვე გადადიხართ მანიპულაციაზე 2014-თან შედარებით რა იყო და ასე შემდეგ. ნუ მოერიდებით საგნობრივ დისკუსიას და სიმართლეს გაუსწორეთ თვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 31 ოქტომბერს 12 საათზე, ხოლო ბიუროს სხდომა 11.45 საათზე გაიმართება.

Visited 112 times, 1 visit(s) today