„ყველამ ნახა, რომ იყო, პრაქტიკულად, ორი თუ სამი უმოკლესი კითხვა: ვეთანხმები თუ არა, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო. და მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვეთანხმები დღესაც, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო. თუმცა, მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი. იმედი მაქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი, სიღრმისეულად განიხილოს, თუ რა როლი აქვს რეფორმებში, სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს. მე ამას, ალბათ, ამით ავხსნიდი, რომ კომისიის ზოგიერთ წევრს, რომელიც უმრავლესობაშია, უბრალოდ, არ სურდა, ჩემგან მოესმინა ძალიან დიდი პოზიტივი სისხლის სამართლის რეფორმებზე, რაც ჩვენ ექვსი წლის განმავლობაში გავატარეთ. მე მათთან სტატისტიკით მოვედი; მინდოდა, მეთქვა, რომ რაკი ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე, ჩვენ გავატარეთ ძალიან დიდი რეფორმა. ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი შემოვიღეთ და ამან გამოიწვია ის, რომ, თუ 2011 წელს 190 პატარა ბავშვი იყო მაშინდელ ციხეში, დღეს არის 32 არასრულწლოვანი მხოლოდ, და რომ მათი უფლებები არის დაცული. მინდა, ხმამაღლა გითხრათ თქვენ – მედიას, და საზოგადოებას ის ფაქტი, რომ საგამოძიებო კომისია არსებობს და მუშაობს – ნიშნავს იმას, რომ ჩემ მიერ, სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერავინ – გამომძიებელი პროკურორი და ვერც ესენი – საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა – ვერ ყრიან მტკიცებულებების გარეშე ბავშვებს ციხეში. მე ვულოცავ ამას ჩვენს ბავშვებს – საქართველოს ბავშვებს, რომლებსაც ვერავინ ვერ აგდებს ციხეში, თუ არ იქნება მტკიცებულებები. ამაზე მინდოდა, მესაუბრა; მესაუბრა იმაზე, რომ როდესაც ბავშვი არის მოკლული – და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დადუნაშვილის დედას, მამას; სარალიძის დედას, რომელიც თითქმის არასოდეს ჩნდება და არცკი წარმოგვიდგენია მისი ტკივილი და ვერ წარმოვიდგენთ, სანამ, ასე ვთქვათ, არ შევეცდებით, ემპათიით განვეწყოთ ბოლომდე დედებისადმი; მამას, ასევე, მივუსამძიმრო და ვუთხრა, რომ პროკურატურა, სასამართლო, გამოძიება – მე რაც ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იყო და დაველოდები, საგამოძიებო კომისია საწინააღმდეგოს თუ დაადგენს – იყო ბოლომდე სიმართლის მხარეზე; რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ სასამართლოში მიმდინარე დავაზე იმსჯელონ. მე ვფიქრობ, რომ აღრეულია ცნებები, აღრეულია ხელისუფლებებს შორის ბალანსი და ურთიერთდამოკიდებულება. დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე დღეს მოვედი დიდი პატივისცემით და მოვისმინე ჩემთვის აბსოლუტურად უცნაური 2 შეკითხვა“.
„მე არ ველოდი, რომ სულ 5 წუთს დავყოფდი დარბაზში, რადგანაც მეგონა, რომ ვისაუბრებდით, მაგალითად, იმაზე, რომ 2017 წელს მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის საქართველო იყო კანონიერებისა და კანონის უზენაესობის ინდექსში 38-ე; რომ პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხისა და კანონის უზენაესობის კუთხით“.