„ჩვენ ყოველთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დებატი გავმართოთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული კონკურსი და ეს სამთავრობო კომისია, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მე მაქვს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დადგენილების საფუძველზე, ვთვლი, რომ არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პროცესების პოლიტიზირება დავუშვათ. ამიტომაც, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ამ კომისიაში სამუშაო პროცესი ჰგავდეს სამუშაო პროცესს. ძალიან დასანანია ის, რომ „საიას“ თავმჯდომარე, როგორც კოალიციის წარმომადგენელი და ძალიან ღირებული წევრი ჩვენი კომისიისა, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ 26 აგვისტომდე, როდესაც ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და კონკურსის სამუშაო პროცესი განვაგრძოთ, ეს პოზიცია შეიცვლება და კოალიცია კვლავ შემოუერთდება საკონკურსო პროცედურებს. რაც შეეხება მათ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი შეარჩიოს არა სახელმწიფომ და სამთავრობო კომისიამ მათი მონაწილეობით, არამედ არასამთავრობო სექტორმა და დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, ამგვარი რამ არცერთ წევრ სახელმწიფოში არ ხდება, შესაბამისად, არ არსებობს ამის პრაქტიკა. ჩვენი კომისია კი ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. მის მიერ ჩატარებული პროცედურა უკვე მეორედ, შეფასებულ იქნა როგორც დადებითი და ევროპული ყაიდის და ტიპის. შესაბამისად, პროცედურაში ჩვენ ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით. თუკი იქნება გაუმჯობესების სხვა იდეები, როგორც აქამდე გაგვიზიარებია, მათ შორის, „საიას“ პოზიცია მომავალშიც მზად ვართ ისინი გავიზიაროთ“.