ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალ პროგრამაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამუშაო რესურსი შესაძლოა გამოყენებული იქნას ყველაზე ეფექტიანად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არსებული პირობების გაუმჯობესებაა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი იქნება მობილიზებული. პრემიერ მინისტრის დავალებით, უკვე დაწყებულია მუშაობა სახელმწიფო უწყებებში და წლის განმავლობაში დაახლოებით 50 000 სამუშაო ადგილის მობილიზება მოხდება საზოგადოებრივი დასაქმების კუთხით. მისივე განმარტებით, სამუშაო ადგილები იდენტიფიცირებულია სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების და სამინისტროების დონეზე. საუბარია როგორც ფიზიკურ შრომაზე, ასევე გარკვეულ საოფისე საქმიანობებზე. ვიცე-პრემიერმა ბფინიგზე პრემიერის კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც სამშენებლო სექტორის მაქსიმალურად სტიმულირებას ითვალისწინებს.
“ეს ინიციატივა, ჩვენი მონახაზით, ეკონომიკაში მოგვიტანს ზრდას და წაახალისებს ისეთ სექტორს, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ამ სექტორში როგორც სოციალურად დაუცველი, ისე ამ სტატუსის არმქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ახალი საშუალებები უნდა გავაჩინოთ.
„ჩვენ ამ ინიციატივებით, რაც პრემიერს გააჩნია, შიდა რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ. ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ დამატებით ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე, მაგრამ რა რესურსებიც გაგვაჩნია, მის აქსელერაციას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამ ინიციატივის აზრი პრემიერმა განმარტა და როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა გულისხმობს, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსების მობილიზება შეძლოს სამშენებლო სექტორმა, იმ კომპანიებმა, ვისაც გამოცდილება გააჩნია და უფრო სწრაფად მოხდეს ძირითადი სახელმწიფო საჭიროებების მოგვარება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი ბიუჯეტის რესურსების სიმცირიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამავე ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა ვაჭრობის კუთხით მიღწეული შედეგებიც შეაჯამა. მისი შეფასებით, 2021 წელი ამ მიმართულებით იყო რეკორდული ქვეყნის ისტორიაში და მნიშვნელოვანია, რომ დადებითი ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა.
„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი, საკმაოდ კარგი მონაცემები, სადაც მნიშვნელოვნად – 47.6 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტი და ის 331.3 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ასევე გაზრდილია იმპორტიც 38.5 პროცენტით და შეადგენს 778.1 მილიონ დოლარს. ზოგადად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, 2022 წლის იანვარში, იყო რეკორდულად მაღალი და მან 1,109.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური აღდგენის კუთხით და ასევე, ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სარეიტინგო კომპანია FITCH-ის შეფასება, რომლის მიხედვით, საქართველომ სუვერენული რეიტინგი „BB“ სტაბილური შეინარჩუნა.