ეს ის მიმართულებებია, სადაც რესურსები უნდა ჩაიდოს რომ ჩვენმა ქვეყანამ ნორმალურად იცხოვროს და ნორმალური ეკონომიკა გვქონდეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

„მთლიანობაში 2020-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტი დეპარტამენტის მიერ გადაჭარბებით შესრულდა, 2020 წელს – 1 მილიარდ 494 მილიონი, ხოლო მიმდინარე წელს 1 მილიარდ 538 მლნ აქვს ბიუჯეტი და დღეის მდგომარეობით 85% უკვე ათვისებულია“, -განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთლმა. მისი თქმით, საგზაო დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია ორი მიმართულების განვითარება ესაა დასავლეთ-აღმოსავლეთი დერეფნის მიმართულება და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულება. როგორც მან აღნიშნა, წითელი ხიდიდან სარფის მიმართულებით დღესდღეობით 460 კმ სიგრძის გზაა, როდესაც ეს გზა დასრულდება 30 კილომეტრით იქნება აღნიშნული მონაკვეთი შემცირებული. დღეის მდგომარეობით კი ამ გზის ნახევარი, 220 კილომეტრი გზა უკვე აშენებულია და ექსპოლუატაციაშია შესული. მისი შეფასებით, ბოლო ორი წელი უპრეცედენტო იყო საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოების თვალსაზრისით, 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზა აშენდა და დასრულდა, ესენია ქუთაისის შემოვლითი 41 კმ ოთხეტაპიანი გზა, რომელზეც ჯამში 182 მლნ დაიხარჯა, ასევე ჯაპანა-ლანჩხუთის გზა, ხაშურის შემოვლითი 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ასევე მნიშვნელოვანია ბაკურციხ- გურჯაანის მიმართულება, 15 კმ-იანი გზა, რომელიც 2021 წელს დასრულდა და გურჯაანის პრობლემა, საცობები და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს აღარ არსებობს. რაც შეეხება, რიკოთის უღელტეხილს, მომხსენებლის თქმით ეს საუკუნის პროექტია, რომელსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, 52 კილომეტრიანი მონაკვეთი, 96 ხიდით და 53 გვირაბით, ამ ეტაპზე აქ ერთდროულად 80 ხიდზე და 47 გვირაბზე მიმდინარეობს მუშაობა. როგორც გიორგი წერეთელმა განაცხადა, 2022 წელი გარდამტეხი იქნება ამ პროექტის დასრულების თვალსაზრისით, რადგან ეტაპებად გაიხსნას თითოეული მონაკვეთი, მთლიანობაში პროექტი კი 2023 წლისთვის დასრულდება. მან დეტალურად წარადგინა ქვეყნის სხავადასხვა მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მათ შორის ისაუბრა კახეთის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, მთის გზების განვითარების პროექტებზე, ასევე შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის თაობაზე. უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ ანგარიშის წარდგენამდე სტატისტიკური მონაცემები გააცნო დეპუტატებს და განაცხადა, რომ 2 მლნ 300 ათასი ბენეფიციარია იმ არეალში, რომელსაც კომპანია უნდა ფარავდეს. დღეის მდგომარეობით კი კომპანია 900 ათას ბენეფიციარს ემსახურება. ქალაქების 52% -ს ამარაგებს 24 საათიანი ხარისხიანი წყლით. მომხსენებლის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, რაც მათ შორის წყალმომარაგების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს, ითვალისწინებს, რომ 2021- 2025 წლებში ყველა ქალაქს მიეწოდოს 24 საათიანი ხარისხიანი სტანდარტების შესაბამის წყალი, დასრულდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება 2026-2030 წლებს, კომპანია უკვე გადავა სოფლებსა და დაბებზე და 2030 წლისთვის საქართველოში ყველა ქალაქს, სოფელსა და დაბას მოამარაგებს წყლით. ამის შემდეგ ალექსანდრე თევდორაძემ 2020-2021 წლის განხორციელებულ მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებით გამოყო ქუთაისის, ზუგდიდის, ასევე ჭიათურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელება, წყალგამწმენდ ნაგებობებზე. ყურადღება გაამახვილა არსებული პრობლემებისა და მთი დაძლევის შესაძლებლობებზე. ასევე ისაუბრა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობების თაობაზე.

„მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ძალიან მასშტაბური სამუშაოებია. ხშირად არის ხოლმე კრიტიკა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ საქართველო ამდენ ვალს იღებსო. ვალების გარეშე ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ შეუძლია ამ პროექტების განხორციელება და ამ პროექტების განხორციელების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება. ეს ის მიმართულებებია, სადაც რესურსები უნდა ჩაიდოს რომ ჩვენმა ქვეყანამ ნორმალურად იცხოვროს და ნორმალური ეკონომიკა გვქონდეს“, – კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

ორივე უწყების ანგარიში კომიტეტებმა ცნობად მიიღეს.

Visited 64 times, 1 visit(s) today