ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური მცენარეები.
► დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
► დღეს მუზეუმის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .
► დადიანების სალხინოს სასახლე მდებარეობს მარტვილში, სოფელ სალხინოში მდინარე წაჩხურას ნაპირზე. ლევან V დადიანმა (1804-1840) აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაიწყო. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. ისტორიული წყაროების მიხედვით, სასახლეს თურქები და ბერძნები აშენებდნენ, ლეცავედან კი საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ.
► იონა მეუნარგია დადიანების სალხინოს სასახლეზე წერდა: „სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა… სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“.
► დადიანების სალხინოს სასახლეში ბოლო დიდი ზეიმი 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს ჰქონდათ.