„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია – მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!“ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ მიაწოდა.
მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.