ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში ვარძია-გოგაშენის გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებულმა – ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელთან – მარინა გაჩეჩილაძესთან ერთად 13 მაისს, ვარძია-გოგაშენის გზაზე განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა. ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები გეოლოგების რეკომენდაციების მიხედვით ხორციელდება. ამ ეტაპზე, იწმინდება გზაზე ჩამოშლილი კლდის ზედაფენები, მოიხსნა და დაიშალა დიდი ლოდები. დამეწყრილ მონაკვეთზე მოეწყობა საყრდენი კედელი. ამ ეტაპზე, გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ვარძია-გოგაშენის გზა ახალქალაქის ზეგანზე მდებარე სოფლების მოსახლეობას უმოკლებს გზას, ასევე გზა მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც. გზის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.