ვაფასებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დიდ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ვაფასებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დიდ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე როგორც საგარეო და ეკონომიკური საფრთხეებისგან დაცვის კუთხით, ისე ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

„ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, მაგრამ ვინ, თუ არა ჩვენ, კარგად ვიცით რამხელა ენერგია, თავდადება და თავგანწირვაა ამ უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან. რამდენი ადამიანის გმირობა დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე, რამდენი თქვენგანის ძალისხმევა და სამშობლოს სიყვარული დგას კედლად საფრთხეების პირისპირ. მეორე მხრივ, ის, რომ ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, ესეც თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არაერთხელ გავხდით ჰიბრიდული ომის სხვადასხვა სახის ტაქტიკის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების მომსწრე.

„ამის ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაზე მიმართული სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაა. ასეთ მოწყვლად საერთაშორისო გარემოში, როდესაც სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება და გაყალბება, რეალობის მიჩქმალვა და საზოგადოებისთვის ხელოვნურად შექმნილი აღქმების თავზე მოხვევა, კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართულ მუშაობას, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ფასდაუდებელია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„შესაძლოა ეს არ ჩანდეს ყოველდღიურად, თუმცა, თქვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი შედეგი და ინდიკატორი ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოა. ეს კი ეკონომიკური აღმავლობისა და ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვის უმთავრესი ფუნდამენტია. ამის ერთ-ერთი მაგალითია შუა დერეფნის საერთაშორისო პროექტი, რომლის დატვირთვის ზრდასთან ერთად გაიზრდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ასევე საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სამსახურის აქტიურ ჩართულობას და როლს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში.

„უმნიშვნელოვანესია სამსახურის კონტრ-ტერორისტული და კონტრ-სადაზვერვო მიმართულებები. სულ ახლახან ჩვენ ყველანი გავხდით სამსახურის მიერ რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად განხორციელებული სპეციალური ოპერაციის მოწმე, როდესაც სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს და ქვეყნის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს. მადლობას გიხდით ქვეყნის წინაშე სამაგალითო სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 36 times, 1 visit(s) today