ვახტანგ კაპანაძე ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, კონტრადმირალ ლუიზ დედიქენს შეხვდა.

როგორც prof-news-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს საქართველოს ლოგისტიკური მიმართულების განვითარების მხარდაჭერაზე.

”განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური მიმართულების განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე; საქართველო მზად არის, აღმოუჩინოს ყოველგვარი ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო დახმარება პარტნიორებს, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. ამდენად, ეს მიმართულება, რომელიც ისედაც ვითარდება საქართველოში, კიდევ უფრო მეტ იმპულსს შეიძენს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ურთიერთობები კიდევ უფრო გაამყარებს ამ ცოდნასა და შესაძლებლობებს“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

”ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და ნორვეგიას აკავშირებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით ახალი იდეებიც დაიბადა, როგორიცაა, მაგალითად, აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა და გაცვლითი სასწავლო ვიზიტები“, – განაცხადა კონტრადმირალმა.

ლუიზ დედიქენი ნორვეგიაში პირველი ქალია, რომელსაც ადმირალის წოდება მიენიჭა.

Visited 420 times, 1 visit(s) today