თავდაცვის მინისტრის კომენტარი ნატოს ვარშავის სამიტისთვის ქვეყნის მზადების შესახებ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„8 თვე გვაშორებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას და საქართველოს ხელისუფლება შედეგზე ორიენტირებულია, შედეგისთვის ვიბრძვით. ყველამ, სინქრონულად, ერთი და იმავე მესიჯებით უნდა უნდა ვილაპარაკოთ “,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტისთვის საქართველოს მზადების შესახებ ტელეწამყვანის მიერ დასმული კითხვის პასუხად. თინათინ ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს ფორმატში განხილული ერთ-ერთი მთავარი თემის შესახებ ისაუბრა.
„როდესაც ქვეყნის წინაშე არის სერიოზული გამოწვევები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიები წარიმართოს რაც შეიძლება ხშირად და აქტიურად და ერთად ვეძებოთ გზა იმისთვის, რომ ავარიდოთ ქვეყანას საფრთხეები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მთავრობის წევრების კოორდინირებულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ჩემთვის პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მიწევს ამ თემებზე საუბარი შინ და გარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე საზღვრები, სადამდე მივდივართ, რა ტიპის, რა მასშტაბის, რა კონტექსტის საუბრები უნდა გავმართოთ და ვიცოდე ის, რომ სხვა ოთახში, სხვა კონფერენციებზე, სხვა შეხვედრების დროს ასეთივე საუბრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ შევათანხმოთ კალენდარი და გავინაწილოთ ის, რათა ეფექტიანად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მსოფლიოსთან. ამისთვის კი საჭიროა არა დუბლირება, არამედ, სინქრონული მუშაობა“,- განმარტა თინათინ ხიდაშელმა.

Visited 190 times, 1 visit(s) today