თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” წიგნის “გმირი” პრეზენტაცია გაიმართა

08/08/2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“გაზეთ „პრაიმტაიმის წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებთან ერთად დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები საკუთარი ერის ღირსების, საკუთარი ერის გაძლიერების და განმტკიცების მიზანს ემსახურება. „თუ რამე აძლიერებს ჩვენს ერს და თუ რამემ მოგვცა საფუძველი დღემდე, ღირსეულად მოვსულიყავით, ეს არის გმირების უკვდავყოფა. თითოეული მოქალაქის უდიდესი პასუხისმგებლობაა თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნული ღირსების დაცვის საქმეში, რადგან ეს გვაერთიანებს და ჩვენს არსებობას ახანგრძლივებს,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული.
დღესვე ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და გაზეთ „პრაიმტაიმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გამოცემის დირექტორმა გიორგი ქუთათელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელების უკვდავყოფას.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის ბოლოს აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილების მონაწილეობით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. „არმიჰოლის“ დარბაზში ასევე შედგა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების დასასრულს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს წიგნი „გმირი“ საჩუქრად გადაეცათ.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0