თამარ ტალიაშვილი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტს იულია პოპოვიჩს შეხვდა, რომელიც თბილისში მიმდინარე კულტურული პროცესებითა და საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე მდგარი გამოწვევებით დაინტერესდა.
როგორც შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი კულტურის სხვადასხვა დარგის მხარდაჭერისკენ, მათ შორის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისკენაა მიმართული.
დეპუტატმა სტუმარს დედაქალაქის საკრებულოს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები გააცნო.
,,კულტურათშორისი კომუნიკაცია ეროვნული იდენტობის განვითარების მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით“,- განაცხადა შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა და ყოველწლიური თეატრალური ფესტივალისა და ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება.
თავის მხრივ, საკრებულოს დეპუტატმა ექსპერტისგან საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და საშემსრულებლო კუთხით ევროპული გამოცდილების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Visited 308 times, 1 visit(s) today