თბილისის ვიცე-მერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და პარკირების მოწესრიგების საკითხებზე გაამახვილეს.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, დედაქალაქისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება უმნიშვნელოვანესია, რაშიც EBRD მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრუნო ბალვანერა დედაქალაქის მერიას სამომავლო პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლობით დელეგაციასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომლის შემადგენლობაში ბანკის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი პირები და ბორდის წევრები იყვნენ. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და დაგეგმილი პროექტები. კერძოდ, ვისაუბრეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამაზე, რომლის ნაწილიც EBRD-მა უნდა დააფინანსოს. გარდა ამისა, გვაქვს თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა.

Visited 144 times, 1 visit(s) today