დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. სამუშაოების შედეგად, რომელიც 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაირგო 1 846 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 6 152 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში რამდენიმე წლის წინ საცურაო აუზიც აშენდა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.
„მახსოვს, როდესაც პირველად მოვედი აქ, რა მდგომარეობა იყო ამ ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ახალი მცენარეები, ბავშვებისთვის გაჩნდა შესაბამისი სივრცე, სადაც დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ახალი განათების ბოძები LED სანათებით, სარწყავი სისტემები. ძალიან მაგარია იმ თვალსაზრისით, რომ აქვე არის ორი ძალიან დიდი სკოლა – საჯარო და კერძო. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქვე დავასრულეთ საცურაო აუზის პროექტი, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე ასევე დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის წევრებმა, სოზარ სუბარმა და ქეთევან ჩარკვიანმა და თბილისის საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ.