სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე კლინიკა – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა. „გაგუას კლინიკის“ გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, 100-საწოლიანი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჯანმრთელობის ცენტრი დაათვალიერა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი კლინიკა მაღალპროფესიულ მომსახურეობას გაუწევს მოქალაქეებს და სიცოცხლის დაბადებით უამრავ ოჯახს სიხარულს მიანიჭებს. მთავრობის მეთაურმა კლინიკის დამფუძნებელ დავით გაგუას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს როლს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩამოყალიბებაში და ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე ინვესტიციების მნიშვნელობას. „მინდა, სიხარული გამოვთქვა იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჰოსპიტალურ სექტორში დღეს ძალიან ინტენსიური ინვესტიციები ხორციელდება. პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ ყველა თავის წილ კონტრიბუციას აკეთებს სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ვაშენებთ. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამ სისტემის დახვეწა. საქართველო ნამდვილად არის პიონერი და გვაქვს საამაყო, რომ შევძელით საყოველთაო ხელმისაწვდომობის შექმნა, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს აღარ ეშინოდეთ სამედიცინო მომსახურების. ეს დიდი მიღწევაა. მე არაერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ბატონი დავით სერგეენკოს როლს ამ მნიშვნელოვან მიღწევაში,“ – აღნიშნა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კლინიკის წარმატება დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალზე, რომელთა პროფესიონალიზმზეც დგას ჯანდაცვის სისტემა. „კლინიკა, უპირველეს ყოვლისა, არის ექიმი, მისი პროფესიონალიზმით, მისი თავდადებით ამ პროფესიისადმი. მინდა ქედი მოვიხადო ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც საქართველოში ძალიან რთულ პირობებშიც ეწეოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს. ექიმები, პედაგოგები, პოლიციელები – ეს ადამიანები უნდა იყვნენ ყველაზე დაფასებულები სახელმწიფოს მხრიდან. ამ კლინიკის კედლებში იბადება საქართველოს მომავალი და მინდა წარმატება გისურვოთ! როგორც ცნობილ ფილმშია ნათქვამი, ომამდე ტანკისტი ვიყავიო, მეც შემიძლია გითხრათ, რომ „წინა ცხოვრებაში“ ვიყავი ექიმი და ასეთი კლინიკები რომ ყოფილიყო ჩემი სტუდენტობის დროს, ვინ იცის, იქნებ ჩემი პროფესიით მემუშავა მთელი ცხოვრება. მიხარია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მეტი ერთგულება გამოიჩინეს პროფესიისადმი, დღეს შექმნეს ასეთი მშვენიერი კლინიკა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა შვილის დაბადება. „გაგუას კლინიკაში“ ქალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა სამედიცინო სერვისის მიღებაა შესაძლებელი. სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის. კლინიკა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე. სამედიცინო დაწესებულებაში 30-მდე მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება. ჯანმრთელობის ცენტრს სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. აქ სწავლებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.
თბილისში ახალი კლინიკა გაიხსნა
05/04/2017