თეა წულუკიანი სკოლის მოსწავლეებს შორის ფრანგული ენის პოპულარიზაციას საფრანგეთის საელჩოსთან ერთად აგრძელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამართლებრივი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – კონკურსი, რომლის იდეაც იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის და რომლის მიზანიც სკოლებში ფრანგული ენის პოპულარიზაციაა, დასრულდა. თეა წულუკიანი ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის №23 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა და ესეების კონკურსის გამარჯვებული სამი მოსწავლე დააჯილდოვა. კონკურსში შვიდი სკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრმა ესეს ავტორები და მათი მასწავლებლები ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორდღიანი სასწავლო ვიზიტით მიიწვია. მოსწავლეებს ყვარელში საშუალება ექნებათ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დამატებითი ცოდნა მიიღონ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შეთავაზებულ კიბერბულინგის საწინააღმდეგო ტრენინგს დაესწრონ. სასწავლო ვიზიტი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მომდევნო კვირას შედგება.
ესეების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით „ფრანკოფონია 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე შექმნეს ესეები საქართველოსა და საფრანგეთში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ადამიანისა და კანონის ურთიერთმიმართების თემებზე. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლების IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს.
ესეების კონკურსის − „ადამიანი და კანონი“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოსა და საფრანგეთში“ − მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ და სამოქალაქო საკითხებზე; ფრანგული ენის პოპულარიზაცია და საფრანგეთის, როგორც ქვეყნის, სამართლებრივ კონტექსტში გაცნობა.
იუსტიციის მინისტრი ფრანკოფონია და როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული. ამიტომაც ის ფრანგული ენისა და კულტურის მხარდასაჭერ ღონისძიებებში სისტემატურად ერთვება.

Visited 147 times, 1 visit(s) today