თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა. თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და ადგილობრივი მოსახლეობა, უწყვეტი წყლის მიწოდებით იქნება უზრუნველყოფილი.
„თელავის 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და თანხვედრაშია ყველა იმ მანამდე განხორციელებულ პროექტებთან, რომელიც თელავსა და მის შემოგარენ სოფლებში ხორციელდებოდა. ამ პროექტით, ფაქტობრივად, დაგვირგვინდება მანამდე გაწეული სამუშაოები. ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო დაფინანსებით უკვე წიწმატიანიდან ხდება დამატებითი წყლის რესურსის მობილიზება, რაც თელავს და მის მიმდებარე სოფლებს საკმარისი და საკმარისზე მეტი წყლის რაოდენობით მოამარაგებს“ – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 24 მილიონი ლარია. სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება. თელავში უკვე დასრულდა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ასევე მოწყობილია წყალარინების ქსელი.