ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის „თავისუფალი, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მიმდინარეობაზე მინისტრობის კანდიდატებისგან მოხსენებები მოისმინეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ.
მან პარლამენტის წევრებს როგორც კულტურის მიმართულებით, ასევე სპორტის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯები გააცნო.
მინისტრობის კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურული ძეგლების რესტავრაცია/რეაბილიტაციაზე, სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათზე გამოყოფილი თანხების ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, თურქეთის მხარესთან ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლის შედეგედაც დასრულდა იშხანის ტაძრის რესტავრაცია და დაწყებულია ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროცესში კი, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები არიან ჩართულნი“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ცალკეულმა კომიტეტებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.