თურქეთის საელჩო, თურქეთის უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამის “Türkiye Scholarships”-ის თაობაზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თურქეთი თავისი უნივერსიტეტების კარს უღებს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “Türkiye Scholarships” არის განათლების მიღების შესაძლებლობა წარმატებული უცხოელი სტუდენტებისათვის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამებში, თურქეთის 55 ქალაქის 105 უნივერსიტეტში.
აბიტურიენტები გასაუბრებას მშობლიურ ქვეყანაში გაივლიან, რა დროსაც განისაზღვრება მათ მიერ სასურველი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, ხოლო პროგრამა “Türkiye Scholarships”-ი უზრუნველყოფს სტუდენტს სტიპენდიითა და საერთო საცხოვრებლით.
“Türkiye Scholarships”-ის პროგრამა ითვალისწინებს: ყოველთვიურ სტიპენდიას (600 თურქული ლირა ბაკალავრიატის, 850 თურქული ლირა მაგისტრატურისა და 1200 თურქული ლირა დოქტორანტურის სტუდენტებისათვის), სრულ სწავლების საფასურს, ერთწლიან უფასო თურქული ენის შემსწავლელ კურსს, უფასო საცხოვრებელს, თვითმფრინავის ორგზის ბილეთს, ჯანმრთელობის დაზღვევას.
“Türkiye Scholarships”-ის პროგრამა თავისი ხასიათით, ერთ-ერთი ყველაზე საყოველთაო პროგრამაა მთელს მსოფლიოში. პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო მაღალი ხარისხის განათლების მიღება, ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების დაუფლება, არამედ იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს ეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში. მართლაც, მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ პროგრამის სტიპენდია მიიღო 15.000 სტუდენტმა 182 ქვეყნიდან, მათ შორის 60-მა საქართველოდან. მთლიანობაში 402 ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა “Türkiye Scholarships”-ის პროგრამით და 142 სტუდენტი ამჟამადაც განაგრძობს სწავლას თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში”, – აღნიშნულია თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წელს, “Türkiye Scholarships”-ის პროგრამისათვის განაცხადების მიღება დაიწყო 29 თებერვალს და 31 მარტამდე გასტანს.
პროგრამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, მსურველებს შეუძლიათ იხილონ და აგრეთვე უფასოდ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.turkiyeburslari.gov.tr.