იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და კლინიკა “მედიქალ სითიში“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები მოინახულეს. ამ ეტაპზე თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში 26 ბავშვი მუცლის ტკივილით, ღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ამჟამად კი სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი გადის. აღნიშნულ ბაღებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს გამოძიება რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოკსიკაცია. რამდენიმე სკოლამდელ დაწესებულებაში დღეს მხარის რწმუნებულიც მივიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გამომწვევი მიზეზების დადგენამდე პრევენციის მიზნით წყალტუბოს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდეს. სწავლა წყალტუბოს 22 ბაღში გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება.