ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წამყვანი მრჩევლების დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. სტუმრები, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო რეფორმითა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში პარლამენტის როლის მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაძლიერებას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც მისივე თქმით, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებთან. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია, დემოკრატიზაციის პროცესი და საკონსტიტუციო ცვლილებები ერთმანეთისგან გამომდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩევლების ვიზიტის მიზანი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების გაცნობაა.

Visited 118 times, 1 visit(s) today