ირაკლი კობახიძე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა

19/05/2017

ვარშავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ თანამემამულეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დიასპორის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პოლონეთში მცხოვრები ქართველები საკონსტიტუციო ცვლილებებით-მათ შორის, ორმაგ მოქალაქეობასთან და მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს პოლონეთში საქართველოს კულტურის ცენტრის დაარსებაში დახმარება სთხოვეს.
„განვიხილეთ ქვეყნის განვითარების ჩვენი ხედვა. ვისაუბრეთ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ასევე, საუბარი გვქონდა საგარეო პრიორიტეტებსა და დემოკრატიულ
განვითარებაზე.
თითოეული საკითხი საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ. იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები,მათ შორის, კითხვები ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ამჟამად აქტუალური საკითხია. ასევე, კითხვები დაისვა დიასპორის ინტერესებთან დაკავშირებით” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 17-20 მაისს, ვარშავაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0