ირაკლი ქარსელაძემ ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილეები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერთერთი უმსხვილესი პროვინციის „ჰუნანი“-ს სამთავრობო დელეგაციას შეხვდნენ. ჰუნანის პროვინცია გამორჩეულია სამშენებლო ტექნოლოგიების, გზების ხიდებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.
რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, სწორედ ჰუნანის პროვინციის კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ ახორციელებს. ირაკლი ქარსელაძემ „ჰუნანი“-ს პროვინციის დელეგაციასთან ხევი-უბისას პროეექტის დეტალები და სამშენებლოს სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი განიხილა. „ჰუნანი“-ს დელეგაციამ, თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“-ს მხარი დაუჭიროს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.
ამ ეტაპზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აქტიური სამშენებლო სამუშაოები კი აპრილში დაიწყება.
პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.
პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

Visited 80 times, 1 visit(s) today