ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი აბდულაზიზ ფაგი, მენეჯერი ტრანსპორტის საკითხებში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შომიკ რაჯ მეჰენდირატა და ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ამალი რაჯაპაქსა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მინისტრმა ბანკის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე. ბანკის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენიმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საგზაო, წყალმომარაგების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს.

Visited 16 times, 1 visit(s) today