იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კომიტეტისა და გაეროს განვითრების ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გამართული შეხვედრის მიზანი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა, კომიტეტის წევრებთან მოსაზრებების გაცვლა, სამომავლო გეგმების დასახვა, რომელიც ხელს შეუწყობს კომიტეტის შემდგომი საქმიანობის პროცესში მათთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.
შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მიმართა.
„ამ ტიპის შეხვედრაზე შევიკრიბეთ არა მარტო იმიტომ, რომ გაგაცნოთ ჩვენი გეგმები და გითხრათ რას აპირებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, არამედ ამ შეხვედრის მთავარი მიზანია ჩვენ მოვისმინოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა, სურვილი, პოზიცია, მოსაზრება შემდგომი თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე და იმ საკითხთა წრეზე, რომელიც თქვენთვის იქნება საინტერესო კომიტეტთან მუშაობის ფარგლებში და ეს პირველად კეთდება კომიტეტში“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა იქნება გრძელვადიანი, 2017-2020 წლებზე გათვლილი, თუმცა პირველ ეტაპზე შემუშავდება 2 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება უფრო კონკრეტული. „ეს დოკუმენტი დაეხმარება კომიტეტს, რომ იმუშაოს ორგანიზებულად, სტრუქტურირებული იყოს მისი საქმიანობა, ისევე როგორც ეს იყო ძალიან წარმატებული ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, რომელმაც, ასევე პირველად შეიმუშავა სამოქმედი გეგმა წინა მოწვევის პარლამენტში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა არ იქნება შექმნილი მხოლოდ კომიტეტის მოსაზრებებით, არამედ მასში ასახული იქნება მთავრობის სტრატეგიაში გათვალისწინებული საკითხები და ამ თემებთან დაკავშირებით კომიტეტი შეხვედრას გამართავს მთავრობის ყველა საპარლამენტო მდივანთან, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი ინდიკატორი და მთავარი გზამკვლევი კომიტეტისთვის არის ის, თუ რას ფიქრობს სამოქალაქო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი სპეციფიურია და განსაკუთრებული როლი აქვს საკანონმდებლო პროცესში, რადგან მისი, როგორც წამყვანი კომიტეტის არეალში კანონპროექტების დაახლეობით 90%-ი ექცევა და შესაბამისად, დიდი დატვირთვა იქნება ამ კუთხით.
ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის საქმიანობის მეორე მნიშვნელოვან მიმართულებაზე – საპარლამენტო კონტროლზე და საზედამხედველო საქმიანობაზე. „კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა წინა ოთხი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და გავაძლიეროთ საპარლამენტო კონტროლი და საზედამხედველო საქმიანობა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, უნდა განხორციელდეს კონტროლი, თუ როგორ ხდება მიღებული კანონების იმპლემენტაცია და როგორ მუშაობს კანონები პრაქტიკაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტმა უნდა შექმნას პროფესიული წრეებისგან ძალიან კარგად დაკომპლექტებული საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭო. მისივე თქმით, კომიტეტი გეგმავს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მომავალი წლის მარტამდე მოამზადოს ცვლილებები. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კომიტეტი აპირებს მუშაობას დიდ რეფორმაზე, რომელიც პარლამენტის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებზე, პროკურატურაზე საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას ეხება.
თავის გამოსვლაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი რეალურად უნდა გახდეს პოლიტიკის განმსაზღვრელი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. „მე მგონია, რომ ჩვენ, უკვე დროა, გადავიდეთ ამ პოლიტიკის შექმნის პროცესში და კომიტეტებმა უნდა აიღონ შესაბამისი მიმართულებებით ეს ტვირთი. კონცეფცია, ხედვა, რომლითაც შესაბამისი სამინისტროები განსაზღვრავენ თუ როგორი უნდა იყოს მათი საქმიანობა, ეს პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს პარლამენტის, როგორც ლიდერის ფუნქციის განხორციელებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ შესაბამის უწყებებთან, სამინისტროებთან სამუშაო პროცესი, სადაც მათი შემდგომი განვითარების სტრატეგიას სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს და არა ის, რომ ჩვენ მხოლოდ ცნობად მივიღოთ ასეთი დოკუმენტები“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამეტი გარდაიქმნას ძლიერ საკანონმდებლო ორგანოდ, მას უნდა ჰქონდეს „ტვინის ფუნქცია“ სახელმწიფოს ორგანიზმში, სადაც ხდება პოლიტიკის გააზრება, შემუშავება და დასახვა, სადაც იბადება პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. „ეს არის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც პარლამენტი ვერ ასრულებდა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პარლამენტმა ეს როლი შეასრულოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქცია. როდესაც ჩვენ გვინდა იყოს ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს ამ ფუნქციის გარეშე ეს უბრალოდ ვერ შედგება. თუ საქართველოს პარლამენტს არ ექნება იმის გამოცდილება, რესურსი და კომპეტენცია, რომ ზედამხედველობა განახორციელოს ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი საკანონმდებლო ორგანო. მე მგონია, ამის რესურსი საქართველოს პარლამენტს აქვს, რომ ეს ახალი მიმართულებები გააძლიეროს თავის საქმიანობაში და პარლამენტი აქციოს ნამდვილ საკანონმდებლო, ნამდვილ წარმომადგენლობით, ძლიერ ორგანოდ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოებასთან და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა. ”ჩვენ ალბათ დაგვჭირდება მათ შორის სხვა ქვეყნის გამოცდილების ნახვა , მათ შორის იმ კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა, რაც ყველაზე დიდი დოზით არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ამ კრიტიკული მოსაზრებების მაქსიმალურად კარგად გააზრება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
კომიტეტის საქმიანობის ფორმაზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქმიანობის დაგეგმვა ძალიან მნიშვნელონია და ის იძლევა შესაძლებლობას სამუშაო პროცესი იყოს განჭვრეტადი, ცნობილი იყოს რა თემებზე მუშაობს კომიტეტი და რა პრიორიტეტები აქვს. „ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ იყოს ჩართულობა და იყოს გამჭვირვალობა კომიტეტების და ზოგადად პარლამენტის საქმიანობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, კომიტეტი საქმიანობის სხვა ეტაპზე გადადის, რაშიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს და მან თავის მხრივ ამ პროცესში კომიტეტს დახმარება აღუთქვა.
შეხვედრის მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობისთვის როგორც სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, ასევე საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის მიმართულებით. მათ მოკლედ ისაუბრეს იმ ძირითად თემებზე, რომლებზეც კომიტეტთან თანამშრომლობას აპირებენ, მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული კანონი და მისი შემდგომი გაუმჯობესება, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიები მექანიზმები, სისხლის სამართლის რეფორმა, იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები, მხარეთა შორის თანასწორობა, მართმსაჯულების სისტემის რეფორმა, გენდერული თანასწორობის საკითხები, ბავშვთა უფლებები, პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები, ნარკოპოლიტიკა, შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები და სხვა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს შეხვედრის ორგანიზებისთვის და ასევე, მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შეთავაზებისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება, რის შემდეგაც დაიწყება კონკრეტული მიმართულებების დაგეგმვა.

Visited 127 times, 1 visit(s) today