კახა კალაძე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრ თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახა კალაძე, ყოფილ ”თავისუფალ დემოკრატ”, გორის მაჟორიტარ დეპუტატ თამაზ შიოშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. კალაძის თქმით, პირადად მას, თამაზ შიოშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია.

”თუმცა, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს და თვლის, რომ მისი შესაძლებლობები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც აქვს სწორი ხედვა და იზიარებს იმ პოლიტიკურ გემოვნებას, რომელიც პარტია ”ქართულ ოცნებას” გააჩნია. ასე რომ, ჩვენი კარი დახურული არაა”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” ასევე მზადაა მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” გამიჯნულ პირებთანაც ითანამშრომლოს.

”მინდა ასევე ვთქვა, რომ აშკარად იკვეთება ”ნაციონალური მოძრაობისა” და ბურჭულაძის პარტიის ინტერესები. იმ განცხადებებით, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ, ისინი ახდენენ ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებების ციტირებას. მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია. დღეს საქართველოში არ ბნელა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და იგებს”, – განაცხადა კალაძემ.

Visited 178 times, 1 visit(s) today