რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა -ირაკლი ქადაგიშვილმა, მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელ დირექტორთან – გიორგი შენეგელიასთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან -არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ის ადგილი მოინახულა, სადაც კახეთში პირველი, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
„პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, კახეთში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით, მივედით იმ ეტაპზე, როცა მუნიციპალური განვითარების ფონდი წლის ბოლომდე ტენდერს გამოაცხადებს და 2019 წელს, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ ადგილას, 5000 კვ.მ ფართობზე კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი გვექნება. ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა კახეთიდან დაიწყება და სხვა რეგიონებში გაგრძელდება“- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მედიასთან საუბრის დროს.
კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრის კონცეფცია კახეთის რეგიონისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია -“სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი”-ს მიერ შეიქმნა.
კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი – მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.