კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გამოყო და ძირითადი გამოწვევებისა და გეგმების შესახებ ისაუბრა. ხაზი გაუსვა იმ პროექტების განხორციელების აუცილებლობას, რომლებიც უზრუნველყოფს რეგიონების პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას.

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას და სრულ ათვისებას. 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში უკვე დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების განხილვა. შეხვედრების გარდა, მეტი ჩართულობისთვის დონორებთან ერთად ვგეგმავთ რეგიონების განვითარების ფონდის განაწილების ფორმულის გადახედვას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების კუთხით, სამინისტროს კომპეტენციაში გადმოვიდა მნიშვნელოვანი მიმართულება-სივრცითი დაგეგმარების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დასახლებების მდგრად და სწორ განვითარებას, ქაოტური განაშენიანებების გარეშე. ამ მიზნით სამინისტროში იქმნება საკონსულტაციო საბჭო.
მაია ცქიტიშვილი ერთ-ერთ პრიორიტეტად პროექტების ეფექტიან მართვას მიიჩნევს.

„პროექტების შესრულების ხარისხი და ვადები ჯერ კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა. ამ მიმართულებების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. განხორციელდება ტექნიკური საბჭოს რეფორმა მსხვილი პროექტებისთვის. ეს შეეხება გზებსა და წყალმომარაგების სფეროებს, ასევე მიმდინარეობს შედარებით მცირე – ტიპური პროექტების სტანდარტიზაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქართული წარმოების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგეგმება ერთგვაროვანი საქონლის შესყიდვების პროგრამების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და იმპორტის ჩანაცვლებას.

„კორუფციული რისკების შემცირებისთვის ინერგება სტანდარტული მიდგომები, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს სუბიექტურ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებზე, ასევე – დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებაზე.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 2018-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობს.
მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდებზე ორიენტირებული გამართული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას.

„უნდა შეიქმნას სათანადო პირობები სწავლისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – მათი ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვის პასუხად, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონებში საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სამინისტროს გუნდი ინტენსიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებთან და დონორებთან.

„მოგეხსენებათ, რომ საჯარო სამსახურის კანონის შემუშავების პროცესშიც ვიყავი ჩართული და ყველა ის წესი და რეგულაცია, რომელიც საჯარო სამსახურზე ვრცელდება სწავლების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, უნდა იყოს ჩატანილი რეგიონებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკეთეს ვითარებაში ვართ, იმიტომ რომ ერთ-პროცენტიანი ბიუჯეტიც გვაქვს ადგილობრივ თვითმმართველობებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც ახლა ვაკეთებთ: საჭიროებების შეფასება და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დადგენა, სტანდარტული მოდულების შემუშავება და დონორების კოორდინაცია, რომლებსაც აქვთ დახმარების სურვილი. მათი რესურსი გვინდა, რომ უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვას, რეგიონებში კლასტერული განვითარების კვლევის გამართვის შესახებ, მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული მაგალითებით უპასუხა:

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მათი მხარდაჭერით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, სადაც არის გამოყოფილი 3 კლასტერი. პირველი: კახეთში – თელავი-ახმეტის; მეორე სამეგრელოში – ზუგდიდი-მარტვილისა და მესამე – ზუგდიდი-მესტია-უშგულის. ამ კლასტერებში იგეგმება როგორც კვლევის ჩატარება, ასევე მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა. შესაბამისად, ეს არის ის არეალები, სადაც შეიძლება ეს გავაკეთოთ და ასევე, გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით, გვაქვს გეგმა ყაზბეგის განვითარების ასეთივე გეგმის შემუშავების შესახებ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

,,საკმაოდ დიდი ცვლილებებია საჭირო წყალმომარაგების კომპანიაში როგორც საკადრო თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ოპერირების კუთხით. დღეს ის ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიის მოთხოვნებს და ამ მიმართულებით ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი. ალბათ, უმჯობესი იქნება ჯერ გავმართოთ კომპანიის ფუნქციონირება მთლიანად და შემდეგ ვიფიქროთ მის პრივატიზაციაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელებზე და ა.შ. ამ საკითხებზე ჩვენ ვმსჯელობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და დონორებთან ერთად და ბუნებრივია, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას“ – უპასუხა მაია ცქიტიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას რეგიონებში წყალმომარაგების მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ.

Visited 164 times, 1 visit(s) today