კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს“ მხარი დაუჭირეს. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. 2021 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 35.2 პროცენტით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 25.8 პროცენტით გაიზარდა. 2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9 პროცენტით განისაზღვრა. პენიტენციური სისტემის მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, გაუმჯობესდა სისტემის ეფექტური მართვა და ფუნქციონირება; გაუმჯობესდა 3-ჯერადი კვებითი მომსახურება სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფებისათვის, კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; პენიტენციური სისტემა აღიჭურვა სპეციალური უნიფორმით, რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით; მიმდინარეობდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, განათლების სფეროს მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია აუცილებელი ფინანსური რესურსებით, სასკოლო სახელმძღვანელოებით; უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობების და იმ მოსწავლეთა ტრანსპორტირება სკოლებში, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და სკოლამდე მისასვლელი მანძილი შორია; საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო; უზრუნველყოფილია ოკუპირებულ რეგიონებში საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მხარდაჭერა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს მიეცათ ზოგადი განათლების მიღების, ექსტერნატის ფორმით სასკოლო გამოცდების ჩაბარებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესაძლებლობა. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 600-მდე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად; აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად გაცემულია სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტები; დაფინანსებულია არანაკლებ 4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის მიზნით. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების მიერ განათლების, მეცნიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შედგება, რომლის შემდეგაც ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.