ლანჩხუთმა საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთში ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2016”-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ( ლატვია, რუსეთი, ისრაელი, ინდოეთი, სომხეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი) ჩამოსულმა ანსამბლებმა მიიღეს.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“მიხარია, რომ გურიის რეგიონი საერთაშორისო ფესტივალს კიდევ ერთხელ მასპინძლობს. ლანჩხუთში ,,კავკასია 2016“ უკვე მეორედ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა მიიღეს. ეს გახლავთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ქორეოგრაფიული ფესტივალი, რომელიც ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის თითოეულ ორგანიზატორს, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარესა და ყველა მონაწილეს“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
ფესტივალის მიზანი საქართველოს, მეზობელი და ევროპული ქვეყნების დამეგობრება და კულტურის წარმოჩენა გახლდათ. ქორეოგრაფიული ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია რაც იმართება და მისი მხარდამჭერები საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ოზურგეთის, ფოთის, ლანჩხუთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები არიან.
აღნიშნულ ფესტივალში მონაწილე ყველა წარმომადგენელი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა, უდიდესი მხარდაჭერისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ხელაძეს ქორეოგრაფთა კავშირის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.

Visited 198 times, 1 visit(s) today