ლაშა გოგიამ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ ეტაპზე, 23 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი დამატებით კიდევ 4 სახლი აშენდება. საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობა 27 სახლს ააშენებს, რომლისთვის დაახლოებით 500 000 მდე ლარი დაიხარჯა. სახლების მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად კოკსა და ოქტომბერში დაათვალიერა. კოკში მარგო ნარმანიას 10 სულიან და ოქტომბერში ნოდარ ყურუას 5 სულიან ოჯახებს მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელ სახლებს უშენებს. ექსკლუზიური და უმნიშვნელოვანესი პროექტის, პრიორიტეტული ოჯახები, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. 2015-2016 წლებში აშენდა 41 სახლი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 968.897 ლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

Visited 167 times, 1 visit(s) today