ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიულ – რუმინული ენერგეტიკული კომპანიის OMW Petrom-ის დელეგაციას შეხვდა. საუბარი წარიმართა OMW Petrom-ის საქმიანობაზე საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიების პროცესის დაწყებას. აღნიშნული კომპანია რუმინეთში უკვე ახორციელებს შავი ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებით სამუშაოებს. ბიუჯეტი საქართველოს პროექტისთვის შეადგენს 30 მლნ აშშ დოლარს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ექსპერტული შეფასებით საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom-ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება. შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოების დაწყებით საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. კომპანიამ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან განახორციელოს გაცვლითი პროგრამები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი. „OMV PETROM“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV“-ის შვილობილი კომპანიაა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.