ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა

ლევან დავითაშვილმა, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში, სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხები პანდემიით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, პანდემიით შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა დაგვევალა.
ამ დავალების ფარგლებში, ჩვენ შევძელით, სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება. ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა. საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ უმოკლეს ვადებში ავამოქმედეთ სუბსიდირების პროგრამები. საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მცირე და მსხვილ მარკეტებს, რეგულარულად მიეწოდებოდათ პანდემიის პირობებში საქმიანობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. ინფორმაცია მიეწოდა და გადამოწმდა 8703 ობიექტი. აგრარული ბაზრების ფუნქციონირების დასაშვებად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები. სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში ჩაერთო ჩვენი სპეციალიზებული 80 ერთეული ტექნიკა, რომელიც მუშაობდა საზღვრებზეც. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით და ზედამხედველობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა 90-მდე აგრარული ბაზარში. ჩვენი გარემოსდაცვითი ზედამხედველის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფას ახდენდნენ. უსაფრთხოების ახალი წესების დაცვაზე კონტროლს გზდ 500-ზე მეტ ობიექტზე ახორციელებდა. ჩვენ შევძელით რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობა. დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დამდგარიყო“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, მოქალაქეებს ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას. შემუშავებულია დახმარების რამდენიმე პაკეტი. პირველი – ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით უკვე ისარგებლა 172,000-ზე მეტმა ფერმერმა. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება. მეორე, ეს არის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს. და მესამე – წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება. ის ფერმერები კი, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგანაც თავისუფლდებიან. ბოლო მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 34 600-მა აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 847 300 ლარი შეადგინა. ჩვენ ვაძლიერებთ სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს, ვმუშაობთ ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც ისინი უფრო მოქნილი გახადა.
მეტად გავზარდეთ ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, ვგულისხმობ ფერმერებისა და მეწარმების სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რომლესაც სახელმწიფო ფარავს “ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია. სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის:
2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:
25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან).

„COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე შენარჩუნებულია”, ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმა წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

„სიტუაცია ძალიან რთული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ყველა ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება, რაოდენობაში გაყიდვებისა და ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი პოზიციები და გამოვასწოროთ მდგომარეობა. ღვინის სექტორში ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება და ვფიქრობ, ეს არავისთვის არის გასაკვირი. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის საყოველთაო მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში დადგა“ ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად, მარკეტინგული აქტიობები დისტანციურ ფორმატებში, ონლაინ-დეგუსტაციებისა და ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა, გააქტიურდა რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალური მედიაში.
შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის 1500-მდე ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმპორტიორებთან.

„ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში, ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების გამოშვებაში – ეს არის დაახლოებით 5 მლრდ 800 მლნ საპროგნოზო მონაცემი. 2020 წლის ბოლო 2 კვარტლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არ არის, თუმცა სამინისტროს მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე სახეზეა მზარდი დინამიკა რაც, სოფლის მეურნეობაში მიღებული შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს არის იმ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რასაც სამინისტრო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სიღარიბე არ დაგვიძლევია 100 %- ით და არც 100 %-ით მიგვიღწევია კეთილდღეობისთვის, მაგრამ ჩვენ გავქვს ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ამ რიცხვებში არის გამოხატული და ასეთი თანმიმდევრულ პოლიტიკის პირობებში, მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ როგორც თვითუზრუნველყოფის, ასევე თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაზრდას. ისტორიულ მაქსიმუმზეა აგროსასურსათო სექტორის მთლიანი გამოშვება და 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 12 მლრდ ლარს შეადგენს , საიდანაც 5 მლრდ 400 მლნ პირველადი წარმოებაა, 6 მლრდ-ზე მეტი კი გადამუშავების შედეგად არის მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის დარგში დამატებითი ღირებულება ორიათასი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე მცირდებოდა. ჩვენს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად 2017 – 2020 წლებში აღინიშნება დამატებითი ღირებულების მუდმივი ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო შედეგებია ვაჭრობის მაკრომაჩვენებლები. ხშირად ისმის კითხვა- სოფლის მეურნეობაში რამდენად თვითუზრუნველყოფილები ვართ თუ ყველაფერს იმპორტირებულს მოვიხმართ? – 2012 წლისთვის, აგრო-სასურსათო პროდუქტების ვაჭრობის დეფიციტი თითქმის 800 მლნ-მდე გვქონდა. დღეს, აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა და 251 მლნ-ს შეადენს. ჩვენი მიზანია, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ეს დეფიციტი აღმოვფხვრათ, საქართველო იქნება ნამდვილად თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა და ამის მაჩვენებელი იქნება მეტი ექსპორტი, იმპორტთან შედარებით, რაც დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყაროა ეკონომიკაში“

Visited 66 times, 1 visit(s) today