მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოსაწყობად

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“დღეს, როდესაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად იმ უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, ერთიანობა, თანადგომა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რაც კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს და საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო სივრცეში განთავსებასაც გულისხმობს. ამ მიზნით, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვახორციელებთ საკარანტინო სივრცეების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით მდებარე სასტუმროებში. დღეისთვის კარანტინის რეჟიმში 4 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული 64 სასტუმროში. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ასეთ ვითარებაში სასტუმროების თანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს – სასტუმროების „კაჭრეთის ამბასადორი“, „შერატონ გრანდ თბილისი“, „მოქსის“, „იბისის“ და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოსაწყობად. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი კი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ შექმნილ რთულ ვითარებასა და გამოწვევას. ჯანმრთელობას გისურვებთ”-განაცხადა ნათია თურნავამ..

Visited 47 times, 1 visit(s) today