სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე გამგეობაში შემავალი სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
,, დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს, ათივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს, მათ შორის, მარტვილის მუნიციპალიტეტი. აქცია მიზნად ისახავს სუფთა გარემოს შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას გარემოს დაცვით აქტივობებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს დაბინძურების დონეს. გარდა ბუნებაში უკვე არსებული დატოვებული ნარჩენებისა, სიტუაციას ამძიმებს მოსახლეობის დაბალი ცნობიერების დონე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყოველდღიურად ჩნდება დაბინძურების ახალი კერები, ჩვენს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია პერიოდულად ტარდება, მიუხედავად კეთილმოწყობის სამსახურის აქტიური მუშაობისა, სიტუაცია მაინც მძიმეა, ვერცერთი სამსახური ვერ აღმოფხვრის საბოლოოდ ამ პრობლემას თუ თითოეული მოქალაქის გულისხმიერი დამოკიდებულება არ იქნა ამ საკითხისადმი“ – დასუფთავების აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა გაიტანა ნაგავსაყრელზე.