მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოწვევით, ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო დარბაზში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა. შეკრების მიზანი იყო, 2017 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, რომელიც შემდგომ წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად. გამგებელმა და საფინანსო სამსახურის უფროსმა საბჭოს წევრებს წარუდგინეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი. სხდომაზე ისაუბრეს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე და თვითმმართველობის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ასევე მოახდინეს რამდენიმე პრობლემური საკითხის ინიცირება და ისაუბრეს მათი მოგვარების გეგმებზე. შეგახსენებთ, რომ გამგებლის სათათბირო ორგანო „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო“ შეიქმნა 2015 წელს 9 დეკემბერს. აღნიშნული საბჭო ირჩევა, გამგებლის უფლებამოსილების ვადით. საბჭოს წევრებად არჩეულ იქნა სამოქალაქო პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. გამგებლის სათათბირო ორგანო იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის გამგებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საბჭოს საქმიანობის მთავარი პრინციპებია: კანონიერება, თანასწორობა, საჯაროობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალობა, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. საბჭო საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს დებულების თანახმად, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უფლებას, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინოს ნებისმიერი პრობლემის ინიცირება. სამოქალაქო საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.