მზად ვართ 13 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაშივე წარვადგინოთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე გასაჯაროებულია და ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ეს დასკვნა მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის არის დადებითი ან ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს. ყველას შეუძლია ნახოს, რომ დასკვნა არის უმძიმესი, უმკაცრესი და მასში არის ძალიან კრიტიკული შეფასებები“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, დასკვნაში გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური.

„გაკრიტიკებულია ყველა პრინციპი, ყველა კრიტერიუმი, ყველა ეტაპი რაც ამ კანონპროექტშია მითითებული და შემოთავაზებულია ახალი ვერსია რეკომენდაციების სახით“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მისი განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი უნდა ჩავარდეს და განხილვა უნდა დაიწყოს 13 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის.

„მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზეა შესაცვლელი. ეს ვერ მოხდება მეორე მოსმენის დროს. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ და ის უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც მზად ვართ პირველი მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაშივე წარვადგინოთ, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა და ყველა იმ პუნქტს, რაზეც საუბრობს ვენეციის კომისია, რომ იქნებოდა კარგი. კონსენსუსისთვის ჩვენ მზად ვართ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ მასში, თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ კანონპროქტმა მიიღოს 76 ხმა. ჩვენი კანონპროექტი არ არის მხოლოდ 13 დეპუტატის მომზადებული. ამ პროცესში მონაწილეობდა ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ამერიკის საელჩო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ექსპერტები, ადვოკატთა ასოციაცია, იურისტები და ა.შ. ამიტომ, გამოსავალს ვთავაზობთ მმართველ პარტიას და გამოსავალს ვთავაზობთ უმრავლესობას – გამოსავალი არის ეს, რაც ჩვენ ახლა მიგვაჩნია, რომ იქნებოდა სწორი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი არ უნდა გაღრმავდეს და პარლამენტმა 13 დეპუტატის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უნდა დაუჭიროს მხარი.

„სხვა გამოსავალი დღეს არ არის. ნებისმიერი სხვა გამოსავალი დამატებით კონფლიქტს აჩენს, რომელიც ისედაც შედგა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველას, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ამ გამოსავალზე და ნუ გავაღრმავებთ იმ კონფლიქტს და იმ პრობლემებს, რომელიც უკვე შეიქმნა მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნის ყველა პუნქტი მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის ეს დასკვნა მაქსიმალურად კი არა, პუნქტების მიხედვით, დეტალურად იყოს გაზიარებული და თუ ამას არ გააკეთებს მმართველი გუნდი, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ჩავარდეს ეს კანონპროექტი იმიტომ, რომ მისი მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინების გარეშე, არის საზოგადოებისთვის ჩიხში შესვლა. ჩავარდეს ეს კანონპროექტი და დავიწყოთ ხელახლა ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის განხილვა, სადაც ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ კონსულტაციებისთვის და მზად ვართ იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ზვიად კავაჭანტირაძემ.

Visited 80 times, 1 visit(s) today