თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა – კავკასია – აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16-ე სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ტრასეკას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია. „შუა დერეფანი“ და ტრასეკა წარმოადგენს ევროპისა და აზიის საიმედო კავშირს და შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის შუა დერეფნის და ტრასეკას წევრი ქვეყნების სატრანსპორტო ჯაჭვების მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციას და კონკურენტუნარიანობას.
„ტრასეკას წევრი ქვეყნები წლების განმავლობაში ერთმანეთთან თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ოპერაციების კოორდინაციის კუთხით. მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ამ კომუნიკაციის, სამუშაოების კოორდინაციისა და თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოსთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შეძლოს უკეთესად კოორდინაცია და კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ისევ ტრასეკას უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და ზოგადად, ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.