საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად – ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
“გულითადად გილოცავთ უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად – ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.
დაარსებიდან მალევე უნივერსიტეტი გადაიქცა საინჟინრო კადრების უდიდეს და შეიძლება ითქვას, მთავარ სამჭედლოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართული მეცნიერებისა და მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება. იგი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლებს, რკინიგზელებს, სამთო დარგის სპეციალისტებს და გეოლოგებს, არქიტექტორებს, ენერგეტიკოსებს, ქიმიკოსებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს. დღეს ამ უნივერსიტეტში საინჟინრო და ტექნოლოგიურ სპეციალობებს 20 000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, და უნივერსიტეტთა პრესტიჟული საერთაშორისო ქსელების წევრია. მე მსურს, აღვნიშნო უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი მიღწევები: განსაკუთრებული მოვლენაა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს ნიშნავს, რომ ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მკვლევრებთან ერთად სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტებიც აქტიურად ჩაერთვებიან. ესაა სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის რენ 1 უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში შეიქმნა. ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უნივერსიტეტისთვის სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ისტორიული პროექტი – ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირება, რომელსაც სულ ახლახან საზეიმოდ მოეწერა ხელი ბრიუსელში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ შეთანხმებით საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
„ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით, დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის” ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. მსგავსი პროექტები საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად ქცევას ემსახურება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირებაა და სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი გაიხსნება.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურების მჭიდროდ დაკავშირება. უნივერსიტეტის წიაღში პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს განათლების უწყვეტობის პრინციპის განხორციელებას. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას განვითარების დღევანდელ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომლობით მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგრარული კოლეჯი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობა უკვე შეუდგა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმის განხორციელებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ორიენტირებული ვართ განვითარების გრძელვადიან, მდგრად, ინკლუზიურ პროცესზე, რომელმაც ეკონომიკის გაძლიერება, ჩვენ მოქალაქეთა კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. მჯერა და ველით, რომ ამ პროცესშიც ტექნიკური უნივერსიტეტი წამყვან როლს შეასრულებს. რა თქმა უნდა, ყველა მიღწევისა და წარმატების უკან თქვენი – მეცნიერების, პედაგოგების, სპეციალისტებისა და სტუდენტების დიდი შრომა დგას, და მომავალი წარმატებების უმთავრესი გარანტიც სწორედ თქვენ ხართ. დაბოლოს, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მადლობას გიხდით ამ შრომისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საიუბილეო ღონისძიება მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამომავლო გზავნილს, რომელიც ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში კაფსულის სახით ჩაიდება და სტუ-ის 150 წლის იუბილეზე გაიხსნება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე საზეიმოდ დაფუძნდა “ჰორიზონტი ევროპის” ოფისი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროპულ პროგრამაში მონაწილეობაში დაეხმარება. ასევე გამოიფინა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ნამუშევრები, საარქივო მასალები და სტუ-ს მიმდებარე სარეკრეაციო ზონის მოწყობის გეგმის მოდელირებული ესკიზები, გაიმართა დიღომში მშენებარე სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.