მიმდინარე კვირაში სესიებზე ჩვენ გვექნება განსახილველი სამი ძირითადი საკითხი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

19-21 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე განსახილველი საკითხების რიგითობა განისაზღვრა ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უძღვებოდა. ირაკლი კობახიძემ კოლეგებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტი სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებს.

„მიმდინარე კვირაში სესიებზე ჩვენ გვექნება განსახილველი სამი ძირითადი საკითხი, ერთი ეს არის საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული. განსახილველად მომზადებულია რეგლამენტის ახალი პროექტი, რომელსაც ალბათ ერთი დღე დაეთმობა. ასევე, უკვე ინიცირებულია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას აწესრიგებს და ამ სფეროს მკაცრ რეგლამენტაციას ითვალისწინებს. მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი არის ორი პაკეტი. ერთი შეეხება მოხმარების რეგლამენტაციას, ხოლო მეორე კულტივაციას და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დამზადების მიზნით, ექსპორტს ითვალისწინებს. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მეორე პაკეტის განხილვა ჯერ-ჯერობით შეჩერებულია, გაგრძელდება კონსულტაციები და მხოლოდ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივუბრუნდებით პაკეტის განხილვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელებს. პროექტის თანახმად, ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით/გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება და რომლებიც წერილობით მიმართავენ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზებულად ჩაითვალონ ავტორიზაციის ვადის გასვლის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე. ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საორგანიზაციო საკითხებიც გააცნო. პლენარული სხდომა 19 სექტემბერს 12.00 საათზე, დაიწყება. მანამდე კი, 11.45 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

Visited 74 times, 1 visit(s) today