მინდა გამოვხატო ჩემი პირადი სწრაფვა და სურვილი, ადამიანი იყოს თანასწორი და იყოს დაცული მისი ყველა უფლება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი მალკოლმ ექსი ამბობდა: ,,არ იჩქარო დაგმო მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ აკეთებს იმას, რასაც შენ აკეთებ და არ ფიქრობს ისე, როგორც შენ ფიქრობ; რადგან დროის შუალედია იმ დროიდან დღემდე, როდესაც შენ არ იცოდი ის, რაც იცი დღეს. ‘’
1995 წლის 16 ნოემბერს- 21 წლის წინ იუნესკომ მიიღო დეკლარაცია ტოლერანტობის პრინციპების შესახებ. ამ დღეს ,,საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავების, შეუწყნარებლობის საფრთხეებზე ყურადღების გამახვილების, ტოლერანტობის ხელშეწყობისა და მასთან დაკავშირებული განათლების მიმართულებით ძალისხმევის გაფართოებისა და განმტკიცების მიზნით’’ საზეიმოდ გამოცხადდა 16 ნოემბერი ტოლერანტობის ყოველწლიურ საერთაშორისო დღედ.
“ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციით” განისაზღვრა ,,ტოლერანტობ’’-ის უნივერსალური დეფინიცია: ,,1.1ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავაფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს მარტო მორალური ვალი კი არა, პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას განაპირობებს.’’
,, ტოლერანტობა არ არის დათმობა ან მოწყალება, უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. არანაირ გარემოებებში არ შეიძლება ამ ძირითადი ფასეულობების ხელყოფის გამართლება ტოლერანტობით. ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ ცალკეულმა ადამიანებმა, ჯგუფებმა და სახელმწიფოებმა.’’
,, ტოლერანტობა პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების, პლურალიზმის (მათ შორის კულტურული პლურალიზმის), დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას. ტოლერანტობა გულისხმობს დოგმატიზმზე და აბსოლუტიზმზე უარის თქმას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში ჩამოყალიბებული სტანდარტების განმტკიცებას.’’
,, ტოლერანტობის გამოვლინება, რაც ადამიანის უფლებების პატივისცემას გულისხმობს, არ ნიშნავს სოციალური უსამართლობის შეწყნარებას ან ადამიანის მიერ საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმას ან მათ დათმობას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფალია, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და მრწამსი და იგი აღიარებს სხვა ადამიანების უფლებას, ჰქონდეთ თავიანთი. ეს ნიშნავს იმ ფაქტის აღიარებას, რომ ადამიანებს, რომლებიც ბუნების ძალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან შესახედაობით, მდგომარეობით, მეტყველებით, ქცევით და ფასეულობებით, აქვთ უფლება, იცხოვრონ მშვიდობიანად და იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანის შეხედულებები არ უნდა მოეხვიოს თავს სხვებს.’’
ტოლერანტობა არის რასებისა და ნაციების, ეთნოსებისა და ხალხების, განსხვავებული გემოვნების, შეხედულებებისა თუ მონაცემების მქონე ადამიანების ურთიერთოებების ერთადერთი სწორი ფორმა.
როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია ადგენს, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა ხორციელდებოდეს გარკვეული ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით. ერთადერთი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს ამ ჩანაწერს: მასმედიას აქვს შესაძლებლობა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს თავისუფალი და ღია დიალოგისა და დისკუსიის ხელშეწყობაში – მათ შეუძლიათ საზოგადოებაში გაავრცელონ ტოლერანტობის ფასეულობები და ყურადღება გაამახვილონ იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან სდევს შეუწყნარებლობას; ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია, ასევე, განათლების სისტემის როლი, როგორც საშუალო, ასევე უმაღლეს საფეხურებზე; სწორედ სკოლებსა და უნივერსიტეტებში უნდა სწავლობდნენ ახალგაზრდები ღიაობის, ერთმანეთის აზრების მოსმენის და სოლიდარობის კულტურას.
ცნობილი მეცნიერი, ალბერტ აინშტაინი ამბობდა: ,,მხოლოდ კანონებს არ შეუძლია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა გამოთქვას აზრი სასჯელის გარეშე, უნდა არსებობდეს ტოლერანტული სულისკვეთება მთელ მოსახლეობაში.’’
ტოლერანტობა ორგანულია საქართველოსთვის; ღირებულებები და ფასეულობები, რომელთაც გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა და ასევე, პირიქით, რომლებიც შემოინახა ჩვენმა ქვეყანამ, არის სწორედ ურთიერთშემწყნარებლობა და ტოლერანტობა. საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და ქართული კულტურა აღმოცენებულია მართლმადიდებლური ფესვებიდან. ასეთია მართლმადიდებლობის საფუძვლები: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი;’’,,ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ…”, ,,რასაც ადამიანი სხვას უკეთებს, იმას თავის თავს უკეთებს.’’ამიტომ ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ საქართველოს წიაღში ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს ის ერები და ეთნოსები, რომლებიც შესაძლოა სხვაგან დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ამიტომ შემწყნარებლობა სხვა რელიგიების, ერების, ეთნიკური ჯგუფების მიმართ არის საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ქართული ტრადიცია; ხოლო არატოლერანტობის გამომხატველი შეხედულებები, დამოკიდებულებები, ცალკეული გამოვლინებები და ინციდენტები, რაც დღეს გვხვდება, არის შორს ქრიტიანული მსრწამსისგან, ქართული ეროვნული იდენტობისა და კულტურისგან. ამის არაერთი ისტორიული მტკიცებულება არსებობს. ამიტომაც არის, რომ ასე თამამად ვამბობთ დღეს, რომ ევროპისკენ სვლა და დასავლური ინტეგრაცია მხოლოდ ჩვენი დღევანდელი არჩევანი არ არის. ეს ჩვენი ისტორიული ადგილი და სწრაფვაა.
ყველაზე მთავარი მონაპოვარი, რითაც ჩვენ ვამაყობთ არის ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების აღიარება. მე მიხარია, რომ დღეს ჩვენ სწორი პრიორიტეტი და მიმართულება გვაქვს. ჩვენ არა მარტო უნდა შევინარჩუნოთ ეს ნიშნული, არამედ უნდა გავზარდოთ ტოლერანტობის ხარისხი.
წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობის ფარგლებში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამუშაო დღის წესრიგში არაერთხელ მოექცა ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები, შეუწნარებლობისა და აგრესიის შემთხვევები, რაზეც კომიტეტს მუდამ ჰქონდა პრინციპული და სამართლიანი პოზიცია. სამწუხაროდ საჯარო სივრცეში ხშირია თავდასხმა ერთმანეთის მიმართ განსხვავებული შეხედულებების გამო საზოგადოებრივად აქტუალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე; ეს გამოწვევაა და დასაძლევია.
კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ტოლერანტული გარემოს რეალიზებისთვის.
საქართველოს აქვს თავისი ისტორიული როლი და ადგილი ევროპულ სივრცეში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი ჰარმონიულად თანაცხოვრობს.
16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, როგორც ამ საზოგადოების და პარლამენტის წევრმა, მინდა გამოვხატო ჩემი პირადი სწრაფვა და სურვილი, ადამიანი იყოს თანასწორი და იყოს დაცული მისი ყველა უფლება.

Visited 393 times, 1 visit(s) today